ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი
ლექსიკონის შესახებ
ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი შედგება ორი ნაწილისაგან. ამჯერად ინტერნეტში განთავსებულია პირველი ნაწილი. მასში წარმოდგენილია ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებიც ხშირად მოსდით ქართულ ენაზე წერისა და მეტყველების დროს.
შეცდომები ამოკრებილია მასმედიის ტექსტებიდან (2007 წლის სექტემბერ-დეკემბრის გამოცემები); კერძოდ, გაანალიზებულია გაზეთები: „24 საათი“, „კვირის პალიტრა“, „რეზონანსი“, „ქრონიკა“, „ახალი თაობა“, „ლიტერატურული საქართველო“, „ვერსია“, „საეკლესიო უწყებანი“, „11 X 11“, „ოლიმპი“, „გზა“; ჟურნალები: „ჩვენი მწერლობა“, „სარკე“; მასალა მოპოვებულია აგრეთვე საქართველოს საზოგადოებრივი არხის, სატელევიზიო კომპანიების: „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „კავკასიისა“ და „მზის“ გადაცემებიდან. ამასთან ერთად გაანალიზებულია ორი ათასი აბიტურიენტის ნაწერი (ერთიანი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 2007 წ.).
საანალიზო მასალაში დადასტურებული შეცდომებიდან ექსპერტთა მიერ შერჩეულია გარკვეული ნაწილი, დანარჩენი მონაცემები კი ლექსიკონის მეორე ნაწილში იქნება წარმოდგენილი. რადგან მასალა ამ ეტაპისათვის შემოსაზღვრულია, ბუნებრივია, შეცდომები ისე სრულად ვერ აისახა ელექტრონულ ლექსიკონში, როგორც წარმოდგენილია ისინი მართლწერის ბეჭდურ გამოცემებში: „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონსა“ და „ჟურნალისტის სტილისტიკურ ცნობარში“.
ენობრივი შეცდომები დაჯგუფებულია ხუთ ტიპად: მორფოლოგიური, სინტაქსური, სტილისტიკური, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური. ყველა მათგანი წარმოდგენილია ერთი ფორმატით: სალექსიკონო ერთეულებად გამოტანილია სიტყვაფორმების ან შესიტყვებების მცდარი და შესაბამისი სწორი ვარიანტები. ისინი გარჩეულია ფერებით: წითელი — მცდარი ვარიანტი და მწვანე — სწორი ვარიანტი. თითოეული ტიპის შეცდომისათვის განისაზღვრა, თუ რა ფორმით უნდა იყოს იგი სალექსიკონო ერთეულად წარმოდგენილი, კერძოდ:
ორთოგრაფიული შეცდომები გამოტანილია სახელობითი ბრუნვის ფორმით: იაფ-ფასიანი — იაფფასიანი, დედა აზრი — დედააზრი.
მორფოლოგიური შეცდომები წარმოდგენილია შემდეგი პრინციპით: თუ შეცდომის ტიპისათვის მნიშვნელობა არა აქვს ბრუნვის ფორმას, მაშინ სალექსიკონო ერთეული გამოტანილია სახელობითი ბრუნვის ფორმით: ვიღაცეები — ვიღაცები; ხოლო, თუ შეცდომა კონკრეტულად რომელიმე ბრუნვის ფორმას უკავშირდება, მაშინ იგი ამ ფორმით იქნება წარმოდგენილი: მინდორის — მინდვრის; ასევე, თუ ზმნური ფორმის შეცდომისთვის არსებითი არაა მწკრივის ფორმა, მაშინ სალექსიკონო ერთეულად არჩეულია აწმყოს ან მყოფადის მესამე პირის მხოლოობითი რიცხვის ფორმა: გამოჰყოფს — გამოყოფს; ხოლო, თუ შეცდომა ეხება კონკრეტული მწკრივის ან პირისა თუ რიცხვის ფორმას, მაშინ სალექსიკონო ერთეულად ეს ფორმაა გამოტანილი: ყვარებია — ჰყვარებია; მოემზადენ — მოემზადნენ.
სინტაქსურ შეცდომებში სალექსიკონო ერთეულად გამოტანილია სინტაქსური წყვილი: ჩვენ წინაპარს — ჩვენს წინაპარს ან წინადადება: ორი ადამიანი გვეუბნებიან — ორი ადამიანი გვეუბნება.
სტილისტიკური დარღვევა-უზუსტობანი ძირითადად ორწევრა შესიტყვებებითაა წარმოდგენილი. სახელურ-ზმნურ შესიტყვებებში ზმნა უმეტესად საწყისი ფორმითაა მოცემული: ურთიერთობის დალაგება — ურთიერთობის მოგვარება. თუ შესიტყვების უმართებულობას საწყისზე უკეთ პირიანი ფორმა გვიჩვენებს, მაშინ სალექსიკონო ერთეულად ასეთ შესიტყვებას ვირჩევთ: რამე გააჩნია — რამე აქვს.
პუნქტუაციურ შეცდომებს ვირჩევთ სასვენი ნიშნების მიხედვით. სალექსიკონო ერთეულად შერჩეულია ტიპობრივი წინადადება შესაბამისი მცდარი და სწორი ვარიანტით: ბიჭი რომელიც აქ ცხოვრობს ჩემი მეგობარია. — ბიჭი, რომელიც აქ ცხოვრობს, ჩემი მეგობარია. შესაბამის მაგალითებში შეცდომები წარმოდგენილია შემდეგი პირობითი ნიშნით: სადაც სასვენი ნიშანი აკლია, გვაქვს აღნიშვნა /, მაგალითად: გამოსავალი/ რომელიც მან მოძებნა/ სწორი იყო. — გამოსავალი, რომელიც მან მოძებნა, სწორი იყო.
თუ შეცდომის წარმოსადგენად მცდარი სიტყვის ან შესიტყვების გარდა სხვა სიტყვებიცაა საჭირო (დამატებითი ინფორმაცია), მაშინ ისინი შავი ფერით არის მოცემული: ვარჯიშობ (მე) — ვვარჯიშობ (მე); შავი ფერითაა აღნიშნული აგრეთვე ის სიტყვები, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებულნი წარმოდგენილ შეცდომასთან, მაგრამ მის წარმოჩენასა და გააზრებაში გვეხმარებიან: სიმდიდრე, რომელიც გამოუყენებელია, ლოდის ფასი აქვს — სიმდიდრეს, რომელიც გამოუყენებელია, ლოდის ფასი აქვს.
თუ შეცდომას ორი ან მეტი სწორი ვარიანტი შეესაბამება, მაშინ ყველა შემთხვევა იქნება წარმოდგენილი: სადღაც შვიდ საათზე — დაახლოებით შვიდ საათზე ან: მიახლოებით შვიდ საათზე ან: შვიდი საათისათვის.
თუ ფორმა მცდარი არ არის, არამედ დასაშვებია და უპირატესობა ენიჭება მის პარალელურ ვარიანტს, ასეთ შემთხვევაში შეცდომაა — სწორია-ს ნაცვლად გვაქვს: დასაშვებია — უმჯობესია.
თითოეულ სალექსიკონო ერთეულს ახლავს შესაბამისი მაგალითი (ერთი ან მეტი) — წინადადება, რომელშიც შეგვხვდა სალექსიკონო ერთეულად გამოტანილი შეცდომა; აქაც წითელი და მწვანე ფერებით არის გამოყოფილი შესაბამისი მცდარი და სწორი ფორმები. მაგალითებს ერთვის კომენტარები, რომლებშიც განმარტებულია, თუ რატომ არის დასახელებული ფორმა მცდარი. კომენტარები შედგენილია იმგვარად, რომ გასაგები იყოს როგორც სპეციალისტებისთვის, ისე გრამატიკაში ნაკლებად გარკვეული მომხმარებლისთვის. რიგ შემთხვევებში მათი გაგება შესაძლოა მაინც რთული აღმოჩნდეს. ივარაუდება, რომ სამომავლოდ განიმარტება კომენტარებში გამოყენებული გრამატიკული ტერმინები.
შეცდომები შეფასებულია და კომენტირებულია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით.
ლექსიკონით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელთა ფართო წრეს: ჟურნალისტებს, რედაქციებისა და გამომცემლობების თანამშრომლებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, აბიტურიენტებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და, საერთოდ, ქართული ენით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
ლექსიკონის მეორე ნაწილში წარმოვადგენთ იმ ტიპურ შეცდომებს, რომლებიც ვერ შევიდა პირველ ნაწილში; დავურთავთ აგრეთვე გრამატიკულ ტერმინთა ლექსიკონსა და სავარჯიშოებს — სალექსიკონო მასალის მიხედვით შედგენილ ტესტებს.
ძირითადი ლიტერატურა
ა. არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, თბილისი, 2004;
შ. აფრიდონიძე, ჩვენი ენა ქართული, თბილისი, 2002;
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, კრებული პირველი, თბილისი, 1970; II გამოცემა, თბილისი, 1986;
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ბიულეტენი, N1-2, თბილისი, 1985; N3, თბილისი, 1987;
ვ. თოფურია, ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 2005;
ვ. თოფურია, ივ. გიგინეიშვილი, ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, II გამოცემა, თბილისი, 1998;
ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბილისი, 1971; თბილისი, 1982;
ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი, თბილისი, 2002;
უცხო სიტყვათა ლექსიკონი (შეადგინა მ. ჭაბაშვილმა), თბილისი, 1989;
ბ. ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი, 1974;
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ I-VIII (პროფ. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით), თბილისი, 1950-1964;
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. I (რედაქტორი — პროფ. ა. არაბული), თბილისი, 2007;
ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, I — XII, თბილისი, 1972 — 2004;
გ. შალამბერიძე, ქართული მართლწერა, მეოთხე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 1984;
ა. შანიძე, ქართული გრამატიკის საფუძვლები, თხზ., ტ. III, თბილისი, 1980;
არნ. ჩიქობავა, ქართული ენის ზოგადი დახასიათება, თბილისი, 1998.
პროექტის შესახებ
პროექტი განხორციელდა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი შესრულდა 2007 წლის სექტემბერ-დეკემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში, ამ პროგრამის ხელმძღვანელის, თინათინ ბოლქვაძის, ინიციატივითა და თაოსნობით.
პროექტის მეორე ეტაპი შესრულდა 2008 წლის სექტემბერ-დეკემბერში არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამსახურის (ხელმძღვანელი — მარიკა ოძელი) ფინანსური ხელშეწყობით.
პროექტის მონაწილეები
პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან დათუკიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ლექსიკონის შემდგენლები:
მორფოლოგია - რუსუდან ზექალაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
სინტაქსი - ასმათ პაპიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;
სტილისტიკა - სალომე ომიაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი;
ორთოგრაფია - ნინო ჭუმბურიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
პუნქტუაცია - ლია ბაკურაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
პროგრამისტები:
მერაბ ზაკალაშვილი, შპს „ადასოფტის“ დირექტორი;
ვლადიმერ სკრინიკოვი, შპს „ადასოფტის“ პროგრამისტი.
რედაქტორები:
შუქია აფრიდონიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი;
თინათინ ბოლქვაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნანა ლოლაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ექსპერტი.
მასალის ამოწერაზე მუშაობდნენ:
მანანა კვასხვაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ამალია გოგრიაშვილი, „მწერლის გაზეთის“ სტილისტ-კორექტორი;
მანანა უთურგაიძე, ტელეკომპანია „მზის“ რედაქტორი;
მაია მადუაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
ქეთევან მირზიკაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
თინათინ ჯანელიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი.
წარმოდგენილი ლექსიკონი არის ქართულ ენაზე ამ ტიპის ლექსიკონის შექმნის პირველი ცდა. ბუნებრივია, იგი არ იქნება დაზღვეული უზუსტობებისა და ხარვეზებისაგან. ლექსიკონის შემდგენლები სიამოვნებით გაითვალისწინებენ შენიშვნებსა და წინადადებებს.
მისამართი: